ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ მიმდინარე წლის სტუდენტურ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის დასახელდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფის მიერ მომზადებული და წარდგენილი პროექტი: ,,შეიცან სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ლოკაციის უცნობი ფასეულობები.“ პროექტი მოამზადეს და კონკურსში წარადგინეს ბაკალავრიატის საფეხურის შემდეგმა სტუდენტებმა: ანა გვენეტაძე (ხელმძღვანელი), გივი ბურდული, ანი ჟამუტაშვილი. ნინო სულხანიშვილი, ნინო მეხრიშვილი, ანზორ გორგაძე, ვარტუი ოვსეფიანი, რუსუდან ძებისაური, პაპუნა ბეჟიტაშვილი, მიხეილ გულიაშვილი.
პროექტის განხორციელება დაიწყება 2024 წლის 1 ივლისს და მისი დასრულება გათვალისწინებულია მიმდინარე წლის 30 სექტემბრისათვის.
პროექტის მომზადების პროცესში სტუდენტებს კონსულტაციებს უწევდნენ ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი სიმონ გელაშვილი და ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე, რომლებიც გააგრძელებენ სტუდენტების მხარდაჭერას პროექტის რეალიზების პროცესშიც.
ზემოაღნიშნული სასიამოვნო ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ არა მხოლოდ კარგი თეორიული ცოდნა, არამედ შეიძინონ კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევებიც. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან სტუდენტური პროექტების დაფინანსების ხელშეწყობა, რაც ბოლო წლებში უფრო მეტად გაფართოვდა.